ქართული ფული საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ ვითარდებოდა და საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა მოცულობას, ფორმასა და დიზაინს.
არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნმა პატარა მონეტამ 26 საუკუნე დაითვალა, მას კი ჩვენი წინაპრები კოლხეთის სამეფოში ითვლიდნენ. კოლხური თეთრი ხელიდან ხელში ძვ.წ. VI საუკუნეში გადადიოდა. მიმოქცევაშიც სამი საუკუნის განმავლობაში იყო. ქართლის ერისმთავრებმა ე.წ. ქართულ-სასანური დრამები მოჭრეს, რომლებზეც ქართული ფულის ისტორიაში პირველად გაჩნდა ქრისტიანული სიმბოლიკა - ჯვრის გამოსახულება.
მონეტები ხშირად ასახავდა ქვეყნის სიძლიერეს და პოლიტიკურ მდგომარეობას.
XII საუკუნეში ფული რეგულარულად იჭრებოდა. თუმცა, "ოქროს ხანას" ნუმიზმატიკაში ვერცხლის კრიზისი და "სპილენძის ხანა" დაემთხვა - 1 საუკუნის მანძილზე საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ვერცხლის ფული არ მოჭრილა.
პირველი რესპუბლიკის დაბადებასთან ერთად ეროვნული ვალუტაც იბადებოდა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ, მთავრობამ ეროვნული ვალუტის შესაქმნელად მზადებაც დაიწყო. 1919 წელს პირველად შევიდა მიმოქცევაში დროებითი ფულის ნიშნები - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები. ისინი 50 კაპიკის, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500 მანეთის ღირებულების იყო. მომდევნო წლებში კი, უფრო მაღალი ნომინალის - 1000 და 5000 მანეთის ღირებულების ბონებიც გამოვიდა. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს მიდიოდა მსჯელობა სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებაზეც. ვალუტის ძირითად სახელად შეირჩა საქართველოში XVI საუკუნიდან გავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი - "მარჩილი".
1890 წელს თბილისში გაიხსნა სათავაზნაურო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილება - შენობა, სადაც ახლა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაა.
თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო. 20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პორტრეტია გამოსახული. პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს გაიხსნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.
2, 10 და 20 ლარის ესკიზები "კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად გადაიღო, რომლებზეც ერთ დროს მუშაობდნენ, მაგრამ ფული საბეჭდ მანქანაში არ ჩაშვებულა, ამიტომაც ისინი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველო ეკონომიკური და ფინანსური სირთულეების წინაშე დადგა. ქვეყანა რუბლზე მიბმული იყო, საბჭოთა რუბლის ფიზიკური რეზერვები სწრაფად ამოიწურა. მოქალაქეების ფული გაუფასურდა. სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 1993 წელს სასწრაფოდ შემოიღო დროებითი ვალუტა — "კუპონი".
შემდეგ დაიწყო ფიქრი ეროვნული ვალუტის შემოღებაზე. სწორედ ეს არის ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი.
მარტივი არ ყოფილა ახალი ვალუტის სახელწოდების არჩევა. განიხილებოდა ვარიანტები: "მანეთი", "ქართული მანეთი", "მარჩილი", "რვალი". თუმცა უპირატესობა ბოლოს "ლარს"მიენიჭა — ძველ ქართულ სიტყვას, რომელიც "საგანძურს" ან "ქონებას"აღნიშნავს. ის პირველად ჯერ კიდევ XII საუკუნეში შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანშია" ნახსენები.
ლარის დიზაინის შემუშავება დაევალა ცნობილ ქართველ მხატვრებს — მამა-შვილ მალაზონიებს.
მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი ვალუტის საშუალებით გადაეცათ მნიშვნელოვანი გზავნილი: საქართველო — მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა, მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით.
ნიკო ფიროსმანი ივანე ჯავახიშვილი აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძე თამარ მეფე შოთა რუსთაველი დავით აღმაშენებელი ქაქუცა ჩოლოყაშვილი - ბანკნოტებზე გამოსახეს გამოჩენილი მოღვაწეები, არქიტექტურული ძეგლები და ეროვნული სიმბოლოები, რომლებიც ქვეყნის სულიერებასა და მემკვიდრეობას ასახავდნენ. ლარის სიმბოლო, ლართან შედარებით, ახალგაზრდაა - ის 2014 წელს დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ.
1995 წლის სექტემბერში 650 ტონა ახლად დაბეჭდილი ბანკნოტები საფრანგეთიდან ფოთის პორტში ჩამოვიდა. გაძლიერებული დაცვის ქვეშ ისინი თბილისში გადაიტანეს და 2 ოქტომბერს ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ლარის მიმოქცევაში შემოღების დოკუმენტს. ამ მომენტიდან მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალებით. საკუთარი ვალუტის შემოღებამ აღნიშნა ახალი ეტაპი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და გაამყარა ქვეყნის სუვერენიტეტი. ლარი გახდა არა მხოლოდ გადახდის საშუალება, არამედ დამოუკიდებლობისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლო.
ფული, რომელსაც ვეღარ გამოიყენებთ, ნადგურდება, როგორც ქაღალდის კუპიურები, ისე მონეტები. პროცესი კრეატიული იდეის წყაროც კი გახდა.
2025 წლის 2 ოქტომბერს საქართველო აღნიშნავს მნიშვნელოვან იუბილეს — ლარის შემოღებიდან 30 წლისთავს. ამიტომაც მიმდინარე წელი ლარის წლად ცხადდება, პირველი ღონისძიებაც უკვე გაიმართა, მას მსოფლიოში ცნობილი ცენტრალური ბანკებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლარის შემოღებიდან 30 წლის შემდეგაც, ეროვნული ვალუტა კვლავ თამაშობს საკვანძო როლს ქვეყნის ეკონომიკაში. მან გამოიარა კრიზისები და გამოწვევები, მაგრამ გახდა სტაბილურობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო. ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის მიმართ რომ მოქალაქეების ნდობა გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვესაუბრა.
ლარის ისტორია — ეს სირთულეების დაძლევის, საქართველოს სუვერენიტეტისკენ სწრაფვისა და საკუთარი ფესვების პატივისცემის ისტორიაა.