საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ურთიერთობები პარტნიორებთან, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საქართველოს როლი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში - სწორედ ამ საკითხებზე, "კურიერი" ტაფტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ ჯეფრი ტალიაფეროს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი ექსპერტული მოსაზრება გაგვიზიარა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
"კურიერი" - ჩვენს ქვეყანას აკავშირებს მრავალწლიანი პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბოლო პერიოდში, იყო პრობლემები ამ ურთიერთობებში. საქართველოს ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს თანამშრომლობა. როგორია თქვენი მოლოდინი?
ტალიაფერო - ვფიქრობ, ახლა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა გამოწვევების წინაშე დგას. ტრამპის ადმინისტრაცია ეცადა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი მოეგვარებინა რუსეთ-უკრაინის ომში. ადმინისტრაცია ასევე ეცადა, გადაეტვირთა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, რასაც, თავის მხრივ, აქვს გავლენა საქართველოსთან ურთიერთობაზეც. თუმცა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით, ადმინისტრაციას ჯერ შედეგი არ გამოუღია ცეცხლის შეწყვეტის კუთხით. ვფიქრობ არიან კონგრესის წევრები, რომლებსაც ადარდებთ საქართველოში განვითარებული შიდა პროცესები. როგორც ვიცი, განიხილავენ კანონპროექტს, რომ დაასანქცირონ საქართველოს ხელისუფლება.
წარმომიდგენია, რომ მთავრობა ადგას გზას, რომელიც ორიენტირებულია, დაიყოლიოს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ კონგრესს გადააფიქრებინოს ზემოაღნიშნული კანონპროექტის (სანქციების) მიღება. მთავარი დილემა და გამოწვევა, რის წინაშეც დგას საქართველოს ხელისუფლება, არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სხვა საკითხებზე აქვს ყურადღება გადატანილი. იგულისხმება არამხოლოდ უკრაინა, არამედ მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებიც. არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, რამდენ დროსა და ყურადღებას გამოუყოფს ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვას.
"კურიერი" - ასევე გკითხავთ, USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც ვიცით, ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ არაერთი სკანდალური ფაქტი გაასაჯაროვა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით მათ შორის. სწორედ ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობდა საქართველოს ხელისუფლება. როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით?
ტალიაფერო: ბრალდებები და სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის სხვადასხვა სააგენტოები ერეოდნენ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ათობით წელს ითვლის. მაგალითად, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აქვს წარსულის გამოცდილება არაერთი ქმედებისა სხვა მთავრობების წინააღმდეგ, თუმცა ეს ყოველთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მითითებით ხდებოდა. დამოუკიდებლად ამ სააგენტოს არასდროს უმოქმედია. თუმცა, საზღვარგარეთ ყოველთვის ჰქონდათ წარმოდგენა, რომ სამთავრობო ორგანოები გავლენას ახდენდნენ სხვადასხვა სახელმწიფოს შიდა საქმიანობაზე.
USAID-ის დაშლა უპრეცედენტო მიდგომით მოხდა, ვინაიდან ეს იყო სააგენტო, რომლის დაფუძნების ბრძანება ამერიკის კონგრესმა გასცა, რაც მიზნად საგარეო დახმარებას ისახავდა, ასევე პარტნიორობას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იყო თუ არა USAID-ის მუშაობა არასაკმარისი? ჰქონდა თუ არა ამ სააგენტოს შიდა პრობლემები? ცხადია. არ მგონია, ვინმემ უარყოს ეს.
"კურიერი" - საქართველო მდებარეობს საკმაოდ რთულ რეგიონში. ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა რამდენიმე ომი, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იყო პირდაპირი და ირიბი ზეწოლა კონკრეტული ძალების მხრიდან, ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნით. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე?
ტალიაფერო - საქართველო არაერთი დილემისა და გამოწვევის წინაშე დგას. თქვენ რუსეთს ესაზღვრებით. ეს შეუცვლელი რეალობაა. საქართველო ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში 4 ომი ჰქონდა. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. საქართველომ რუსეთთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან, რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, თუ საქართველო კვლავ ჩაერთვება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, თქვენს დასახმარებლად არავინ მოვა.
ამერიკა ომში არ ჩაერთვება თქვენს დასაცავად. ამერიკა ომს არ იწყებს რუსეთთან არც უკრაინის დასაცავად. სამხედრო დახმარება გაგრძელდება, მაგრამ ამერიკა რუსეთთან ომში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არ ჩაერთვება რუსეთის წინააღმდეგ. მით უფრო, ეს არ მოხდება საქართველოსთან მიმართებითაც. არსებული ვითარების გათვალისწინებით, პრაგმატულობა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
"კურიერი" - მსოფლიოში საინტერესო პროცესები ვითარდება. ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, მოგეხსენებათ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უკვე არის ჩინეთიც. სად ხედავთ საქართველოს სამომავლოდ ახალ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში?
ტალიაფერო: ამერიკის შეერთებული შტატები მხედველობაში იღებს ჩინეთის მცდელობას, გააფართოოს საკუთარი გავლენები და უფრო დიდი კვალი დატოვოს საერთაშორისო გეოპოლიტიკის ასპარეზზე - ეს კი არაერთ რეგიონში ხდება.
რაც შეეხება ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რომელიც ახლოსაა რუსეთთან და საკმაოდ შორსაა შტატებისგან (ფიზიკურად) - არაერთი დადებითი მხარე აქვს ჩინეთთან კარგ ეკონომიკურ ურთიერთობას. ჩინეთს, მოგეხსენებათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინამიკური და განვითარებადი ეკონომიკა აქვს. ჩინეთს აქვს საშუალება უზრუნველყოს საქართველო ისეთი ინფრასტრუქტურით, რაც ამერიკას არ შეუძლია.
ვფიქრობ, არის სხვადასხვა შესაძლებლობა საქართველოსა და სხვა პატარა ქვეყნებისთვის, იმისათვის, რომ ისარგებლონ რუსეთ-ამერიკისა და ამერიკა-ჩინეთის დაძაბული ურთიერთობით - ესეც, ცხადია, გარკვეული შეზღუდვებს მოიცავს. საქართველომ უნდა იაროს თავისი კურსით, საქართველო ვერ იქნება დიდი დასავლეთის ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და რუსეთთან ახლოს ყოფნის გამო. მით უფრო, რომ კრემლს გაცხადებული პოლიტიკა აქვს.
რეალობა ის გახლავთ, რომ გეოგრაფია ვერ შეიცვლება, ძალთა ბალანსი და გადანაწილება კი დიდი ქვეყნების სასარგებლოდ იქნება, როგორებიცაა: რუსეთი, ჩინეთი, ამერიკა. ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა იმ კურსს აირჩევენ, რომელიც მათთვის საუკეთესო იქნება.
"კურიერი" - ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თითქოს გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს, თუმცა თავად მმართველი გუნდი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წლისთვის ყველა კანდიდატზე მეტად იქნება მზად გახდეს როგორ აფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას?
ტალიაფერო: მიდგომა, რომელიც ახლანდელ მთავრობას აქვს, მგონია, რომ სწორია. მოკლე დროში ზედმეტად ბევრი ცვლილების ფორსირება არ არის სასურველი პროცესი. ასევე მგონია, რომ ახლანდელი მთავრობა იაზრებს მოცემულობას. ისინი ამბობენ, დიახ, გვაქვს დასავლური მისწრაფებები, გვინდა ევროკავშირის წევრობა, ვივლით ამ მიმართულებით, მაგრამ რეალობა გახლავთ ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად არის იქ, სადაც არის და ჩვენ ამას ვერ შევცვლით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენზე უფრო დიდი მეზობლის სტრატეგიული ინტერესიც, ჩვენი დასავლური კურსის პარალელურად. საქართველოს მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს ამ გზაზე. ევროკავშირის გაფართოებამდე ჯერ კიდევ არის დრო. თუმცა 2030 არც ისე შორი მომავალია, სულ რაღაც 5 წელი გვაშორებს. ევროკავშირში გაწევრიანების ახლა მოთხოვნა არ მგონია, რომ რეალურია.