ხაზარაძე-ჯაფარიძის კოალიცია პოლიტიკური ფრონტისთვის მზად არის, თუმცა ამ დრომდე თავს იკავებენ მკაფიო პასუხისგან, იქნება თუ არა მათი საარჩევნო ნომერი თვითმმართველობის არჩევნების ბიულეტენზე. ის, რომ ბოიკოტი შედეგს ვერ გამოიღებს, ამაზე ღიად ალაპარაკდა კოალიციის ლიდერი. მამუკა ხაზარაძის ამ პოზიციას პარტიის წევრებიც იზიარებენ.
პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ხაზარაძის "ლელოს" მისამართით ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა "ნაციონალურმა მოძრაობამ". სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარიც კი, მათთვის ღალატის ტოლფასია.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის უკვე ემზადება გახარიას გუნდი. ბარიერგადალახული დანარჩენი სამი პარტიის სტრატეგიას გაუგებარს უწოდებს "გირჩი". პარტია, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა რამდენიმე თვის წინ დაადასტურა, კოლეგებს გამბედაობას უწუნებს.
პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტოს მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებშიც მარცხს უწინასწარმეტყველებენ სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია, ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივებით მოქმედებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი უნდა დაზუსტდეს, რომელი პარტიების პოლიტიკური ნომერი აღმოჩნდება საარჩევნო ბიულეტენზე.