"ელჩები დადიან სასამართლო პროცესებზე, სადაც საერთოდ არ ესმით ქართული ენა და უბრალოდ, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ," - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დიპლომატების როლის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"ბატონ ჰერჩინსკიზე შემიძლია ვთქვა როგორ აქტიურობს და როგორ განცხადებებს აკეთებს. გერმანიის ელჩი აქტიურობს და შემდეგ უწევს ხოლმე ახსნა-განმარტებების კეთება ძალიან ბევრ საკითხზე. საფრანგეთის ელჩს, რომელმაც გრანტების კანონის მიღებამდე ერთი საათით ადრე გასცა გრანტი კონკრეტულად "ნაციონალურ მოძრაობაზე" და დღემდე ვერ ვიხილეთ მისი მხრიდან ვერანაირი ახსნა-განმარტება.
ნოემბრის აქციების დროს, როდესაც იყო ძალადობრივი აქციები, შტურმი პარლამენტზე, შტურმი ჩვენს პოლიციელებზე, მათგან ერთი კრიტიკა ვერ მოვისმინე და, პირიქით, ისინი ამას უწოდებდნენ მშვიდობიან აქციებს, როდესაც ამისი მეასედიც რომ მოხდეს მათ ქვეყნებში, სხვა ტიპის რეაქცია ექნებათ," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად - პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.