თუ ევროკავშირი და ბრიტანეთი ებრძვიან გარე ჩარევას, მაშინ, რატომ აკრიტიკებენ საქართველოს იდენტურ შემთხვევაში?! - კითხვას "ქართულ ოცნებაში" სვამენ და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ.
საუბარია ევროპარლამენტის დელეგაციისა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრების შეხვედრაზე, სადაც შეთანხმდნენ, რომ "ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."
აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციაშიც კეთდება შეფასებები. "ერთობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, "უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ევროპელები არ გულისხმობენ საკუთარ თავს და აშშ-ს, გულისხმობენ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან მტრულად განწყობილები ევროპის მიმართ."
"საგარეო საფრთხე, საგარეო გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის რუსეთი და ის ქვეყნები, რომლებიც ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, ევროპელები არ გულისხმობენ საკუთარ თავს და აშშ-ს, გულისხმობენ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან მტრულად განწყობილები ევროპის მიმართ," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება პარტია "გირჩის" პოზიციას, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, არც საქართველოს მთავრობას და არც ევროპელ პარტნიორებს არ აქვთ განსაკუთრებული სურვილი, რომ ურთიერთობები დაალაგონ.