21 აგვისტო 2026,   04:41
ვრცლად
4 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და დაპირისპირება ოპოზიციაში - ვინ გამორიცხავს და ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას

გადაწყვეტილება, რომლის გამხელასაც ბადრი ჯაფარიძე აანონსებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ეხება. "კოალიცია-ძლიერ საქართველოს" მკაფიო პოზიცია ისევ არ აქვს. პოლიტიკური ბუნდოვანების გასაფანტად კი პოლიტიკური დიალოგი სჭირდება.

ვიდრე ბრძოლის სტრატეგიის განსახილველად კარს სხვა პოლიტიკურ პარტიებს უხსნიან, თანამებრძოლებს საკუთარ რიგებში კარგავენ. ჯერ ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანი", 4 თვის შემდეგ კი, "კოალიცია-ძლიერი საქართველო" ანა დოლიძის პარტიამ დატოვა.

განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ახლა პარტია საკუთარი მიზნებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. უკავშირდება თუ არა დოლიძის გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებს - ამაზე დამატებითი განმარტებები არ კეთდება.

"ლელოში" გამორიცხავენ, პარტია "გირჩში" კი ფიქრობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძესა და ანა დოლიძეს შორის წყალგამყოფი სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციები გახდა.

ირაკლი ფავლენიშვილის გზავნილის ადრესატი "კოალიცია ძლიერი საქართველოა" - მკაცრი ტონი, შერბილებული პოზიციის საპასუხოდ. "ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთია 4 ბარიერგადალახულ პარტიას შორის, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილების ერთგულია და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს.

კიდევ უფრო მკაცრი და ხისტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა სისულელე და ხალხის დაცინვაა. კოლეგებს სოციალური ქსელით აკრიტიკებს "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამიაც.

სხვების კრიტიკა და საყვედური უმნიშვნელოა გახარიას გუნდისთვის. ექსპრემიერის პარტიაში ღიად ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან.

"ქართული ოცნების" ლიდერები პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურ მარცხს 64-ვე მუნიციპალიტეტში უწინასწარმეტყველებენ. მმართველი გუნდის ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ წარსულში და ახლაც, ოპოზიცია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს.

4 ოქტომბრის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, 4 ბარიერგადალახულ პოლიტიკურ პარტიაში ერთიანი პოზიცია ისევ არ აქვთ.

ავტორი - ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები