"ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ეფექტური გახდეს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორის კანდიდატის წარმოდგენა საპროკურორო საბჭოს მხრიდან" - ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა გენერალური პროკურორის შერჩევის წესთან დაკავშირებით გააკეთა.
"არაერთხელ გითქვამს, რომ ამ გლობალური ომის პარტიის და ნაცმოძრაობის ზოგიერთი უცხოელი პატრონის მხრიდან, იყო ზეწოლა ხოლმე ყოველთვის ხელისუფლებაზე, ულტრა ლიბერალურ ცვლილებებზე კანონმდებლობაში. ეს იყო რეალურად, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაესუსტებინათ, რომ კრიზისის დროს, რასაც ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის შექმნიდნენ, მერე ემართათ პროცესები ენჯეოების მეშვეობით. ეს იყო რეალობა და ერთ-ერთი მათგანი იყო, რა თქმა უნდა, მიშელის შეთანხმება, როცა გენერალურ პროკურორზე პრაქტიკულად თქვეს, რომ ოპოზიციამ უნდა დანიშნოს გენერალური პროკურორიო. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება? რა თქმა უნდა, სხვა ცვლილებებთან ერთად, ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ ეფექტური გახდეს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორის კანდიდატის წარმოდგენა საპროკურორო საბჭოს მხრიდან," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.