მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიხეილ სააკაშვილისა და მისი იდეური მოკავშირეების ლობიზმით არის დაკავებული. საუბარია ქვეკომიტეტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშზე, რომლის პროექტშიც ევროდეპუტატები მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი როლი ჰქონდა. დოკუმენტში საუბარია სანქციებსა და ახალ არჩევნებზეც. "ქართულ ოცნებაში" ევროპარლამენტარების პოზიცია არ უკვირთ. ამბობენ, რომ ახალი ანგარიში მათ მიკერძოებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ანგარიშის დამტკიცებამდე, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებიც გაიმართა. საქართველოს ხელისუფლების დასჯას და მკაცრ სანქციებს ტრადიციულად, ქართული ოპოზიციის ღია მხარდამჭერი რასა იუკნევიჩიანე ითხოვდა. დოკუმენტის მიმართ კრიტიკული იყო გერმანელი დეპუტატი, რომელმაც ტექსტის შინაარსი ევროპული სამართლის ნორმებისგან გადახვევად შეაფასა.
ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ანგარიშებს ნულოვანი პოლიტიკური ძალის მქონე უწოდა დღეს დედაქალაქის მერმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა ქართული არასამთავრობოების წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა აქტივისტებმაც მიიღეს. სხდომის დასრულების შემდეგ მათ რასა იუკნევიჩიანესტან ერთად ბრიფინგიც გამართეს და ბრიუსელს "ქართული ოცნების" დასჯის მკაცრი მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდეს.
ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას და მათთან ერთად მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ღიად მოქმედებაში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, ბრიუსელში მათი ყოფნა და ანგარიშის ტექსტი ადასტურებს, რომ მიზანი კვლავ დესტაბილიზაციური პროცესების გაღვივებაა.
სანქციები და სააკაშვილის გათავისუფლება ევროდეპუტატების ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი საკითხია.