ევროკავშირის ელჩისთვის, პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილი შალვა პაპუაშვილის წერილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე დღეს გაასაჯაროვა, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე მიიჩნევს, რომ ეს წერილი "იერიშია" ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
"როდესაც ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ ასეთი იერიშებია ამ ქვეყანაში, სადაც ამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არავინ არ არის არათუ პასუხისგებაში მიცემული, არამედ ფორმალურად იდენტიფიცირებულიც კი, ეს აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ცდება ყოველგვარ დიპლომატიურ სტანდარტებს," - აცხადებს გიორგი სიორიძე.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ მისი პარტია გმობს ძალადობას ნებისმიერი მხრიდან.
"ჩვენ ყოველთვის ვგმობდით ძალადობას ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს "ოცნება" თუ სხვა, ყოველთვის ვგმობდით და დავგმობთ. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც რაიმე შედეგზე გაგვიყვანს. საერთაშორისო ინსტიტუციების ნაცვლად მე რა უნდა გითხრათ? თვითონ ადგნენ და ისაუბრონ ამაზე," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში - პაველ ჰერჩინსკისთვის რამდენიმე დღის წინ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა. შალვა პაპუაშვილი საუბრობს ევროკავშირის მისიის უმოქმედობაზე ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ რაც, მისი შეფასებით, ქმნის ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გარემოს.
"შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები," - აღნიშნულია წერილში.