21 ივნისი 2026,   08:16
ვრცლად
"ჩვენ ვუთხარით, რომ 20 000 ბავშვი მოგვპარეს, გვიპასუხეს, რომ მაქსიმუმ ასობით ბავშვზეა საუბარიო, ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსულმა მხარემ უკრაინისთვის სტამბოლში გადაცემული მემორანდუმი გაასაჯაროვა. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება „გრძელვადიანი მშვიდობის“ მიღწევას, მეორე კი ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯებს.

კრემლი ითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, ნეიტრალიტეტს და სანქციების მოხსნას. ასევე უკრაინამ უარი უნდა თქვას მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. უკრაინამ რუსეთს პასუხი ერთი კვირის ვადაში უნდა დაუბრუნოს.

სტამბოლში მოლაპარაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების და ცხედრების გაცვლაზე. საუბარია მძიმედ დაჭრილ, ასევე 18-იდან 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეებზე. თითოეული მხარე ათას ადამიანს გაცვლის. ასევე რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს 6 ათას ცხედარს გადასცემენ. კიევის დელეგაციამ რუსეთს გადასცა 339-ი ბავშვის სია, რომელთა დაბრუნებასაც ითხოვს. უკრაინის დელეგაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარყო მათი შეთავაზება უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესში შტატების უფრო აქტიური მონაწილეობის შესახებ.

"ჩვენ ვუთხარით, რომ 20 ათასი ბავშვი მოგვპარეს, გვიპასუხეს, რომ ოცი ათასი არ მოუპარავთ, მაქსიმუმ ასობით ბავშვზეა საუბარიო. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა. მზად არიან მხოლოდ ორ-სამდღიანი ზავისთვის, რათა ბრძოლის ველზე ჯარისკაცების ცხედრები შეაგროვონ. მე მიმაჩნია, რომ ისინი იდიოტები არიან. ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის უნდა იყოს, რომ დაღუპულები არ იყვნენ. ხედავთ მათ განწყობას — ომში მათთვის ეს მცირე პაუზის საშუალებაა. განაცხადეს, რომ მზად არიან ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრები გადმოგვცენ, მაგრამ ეს საკითხი ძალიან საგულდაგულოდ უნდა იქნას შესწავლილი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები