პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, დაკავებასთან დაკავშირებით ბაჩიაშვილის განცხადება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს სპეცსამსახურები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ.
როგორც მიქანაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციაა, რადგან თვითონ ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ მათ აფინანსებდა იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის ერთგვარი საინფორმაციო ფარი შეექმნა.
"მოდით ერთი წამით მივცეთ საშუალება იმ თეორიის განვითარებას, რაზეც ბაჩიაშვილი საუბრობს. ამ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა, უცხო ქვეყანაში, ძებნილი, მსჯავრდადებული პირი დააკავეს, უპრობლემოდ დააბრუნეს საქართველოში და წარადგინეს მართლმსაჯულების წინაშე. ამას ამბობს ხომ ბაჩიაშვილი? სასწაულ ისტორიებს ჰყვებიან, მაგრამ სიტყვაზე, დავუჯეროთ და განვითარდეს ეს ვერსია - ცალსახად იკვეთება ჩვენი სპეცსამსახურების კიდევ უფრო მაღალი პროფესიონალიზმი. მე პირადად, მომხრე ვიქნებოდი, რომ ის ადამიანები, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა და განახორციელა, გარკვეულ დაწინაურებაზე და ჯილდოებზე წარგვედგინა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები უმაღლეს რანგში ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. მეორე, უმთავრესი კომპონენტია, ბაჩიაშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მთავარია, რომ ადამიანი როდესაც ჩაიდენს დანაშაულს, იმ ადამიანთან მიმართებაში მართლმსაჯულება უნდა დადგეს. შესაბამისად, მართლმსაჯულების კომპონენტი არის უმთავრესი. აქ არ აქვს მნიშვნელობა ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა ვინმე. მით უმეტეს, ბაჩიაშვილი ძალიან მძიმე დანაშაულში არის მხილებული, საუბარია ფულის გათეთრებაზე. სანქცირების თვალსაზრისით, ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში ბევრად უფრო მკაცრ სანქცირებას ექვემდებარება მსგავსი დანაშაულებრივი ქმედება, ვიდრე საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება ანგარიშსწორების თემას, ეს არის ოპოზიციის სპეკულაცია და ეს სპეკულაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილი ჩაერთო ამ კრიმინალურ მოქმედებაში და პარალელურად, მან თვითონვე აღიარა, რომ ოპოზიციას აფინანსებდა სწორედ იმისთვის, რომ საინფორმაციო ფარი გაეკეთებინა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.