20 აგვისტო 2026,   11:29
ვრცლად
"ყველას ვურჩევთ, რომ ნაცვლად მსგავსი გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისა, დავსხდეთ ერთად და ვიმსჯელოთ ამ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემის აღმოფხვრაზე" - ლევან მახაშვილი

"ეს არის მცდელობა სირაქლემას პოზიციაში დარჩენის და იმის, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობდეს შესაძლებლობა გაუმჭვირვალე ფულით საარჩევნო, პოლიტიკური, ეკონომიკურ-საზოგადოებრივი პროცესების და ინსტიტუტების შერყევის," - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან" დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგის მიზანი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთაა.

"ეს ახალი კანონმდებლობა ქართულ პოლიტიკაში გააჩენს მეტ გამჭვირვალობას და მეტ პასუხისმგებლობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს და ნაცვლად იმისა, რომ ათასი მანქანებით გაექცნენ საქართველოს კანონმდებლობას, პირიქით, ყველას აჩვენებენ საქართველოს კანონმდებლობის პატივისცემის სათანადო მაგალითს.

რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს არის მცდელობა სირაქლემას პოზიციაში დარჩენის და იმის, რომ ქვეყანაში კვლავ არსებობდეს შესაძლებლობა გაუმჭვირვალე ფულით საარჩევნო, პოლიტიკური, ეკონომიკურ-საზოგადოებრივი პროცესების და ინსტიტუტების შერყევის.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. პირიქით ყველას ვურჩევთ, რომ ნაცვლად მსგავსი გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისა, დავსხდეთ ერთად და ერთად ვიმსჯელოთ ამ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემის აღმოფხვრაზე. კანონი არსებობს იმიტომ, რომ გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა არსებობს. სანამ ეს პრობლემა იარსებებს, რა თქმა უნდა, ამ და მსგავსი კანონმდებლობის საჭიროება ყოველთვის იქნება," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები