ნოსტალგია თუ ახალი კადრები - ეროვნული არქივის ცისფერ დარბაზში, ჯადოსნურ ეკრანზე ქართული ანიმაციების პირველი ჩვენება გაიმართება. მათი დიდი ნაწილი ლიტერატურული ნაწარმოებების, ეროვნული მოტივების და ქორეოგრაფიული ელემენტების გამოყენებით შეიქმნა.
ქართული ანიმაცია განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, წლების განმავლობაში, მაყურებელს დაუვიწყარ სიუჟეტებს, კარგად ნაცნობ მელოდიებს და საყვარელ გმირებს სთავაზობდა.
რეჟისორ გაბრიელ ლავრელაშვილის მიერ გადაღებული ანიმაცია, ბავშვობაში გვაბრუნებს. "კაცი და ლომი" 1969 წელს შეიქმნა და გვიყვება როგორ გადაარჩინა რომაელმა კაცმა დაჭრილი ლომი, და როგორ დაუბრუნა ცხოველმა ადამიანს სიკეთე.
კიდევ ერთი ანიმაცია, "ყურშა გაყოყოჩდა" - მულტფილმი, რომელიც გვახსოვს მელოდიით და გმირებით. გამორჩეულია ვახტანგ ბახტაძის "ხელმარჯვე ოსტატების" სერია. მაყურებელი ამჯერად ნახავს 1977 წელს გადაღებულ "ხელმარჯვე ოსტატს წყალქვეშ". კინოსეანსი 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ჯადოსნურ ეკრანთან ელოდებიან ყველას, განსაკუთრებით კი ბავშვებს. კინოჩვენებით გაიხსენებენ ქართული ანიმაციის საუკუნოვან ისტორიას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ საგანძურის შექმნისთვის ერთი აგური მაინც დადეს.