იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინფლაცია ისევ გამოწვევად რჩება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აქცენტს მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობაზე აკეთებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. კონკრეტულმა ფაქტორებმა კი საქართველოში არსებული კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა, უფრო მნიშვნელოვანი გახადა.
ლარს რომ ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია, კონფერენციის მთავარი ტრიბუნიდან დღეს არაერთხელ ითქვა. საერთაშორისო საფინანსო სივრცეში, საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ეტაპებზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმა.
წარმატებული საბანკო სექტორი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის შემცირება - ფორუმის სტუმრებს, ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე გაუზიარა ინფორმაცია პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა მზარდია, რაშიც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს.
ეროვნული ვალუტის განვითარების მიმართულებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. თქვა, რომ ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და იმ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რომელიც ერის საამაყო ისტორიასა და იდეოლოგიას გამოხატავს.
კონფერენციას მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ისლანდიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და სომხეთის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ფორუმში ბელგიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.