21 აგვისტო 2026,   01:27
ვრცლად
პოლონეთის საელჩოს განცხადება - მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის აღიარებაა, რომ თბილისში მიმდინარე აქციებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ

პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ინსტრუქციებს აძლევს და საქართველოში გამგზავრებამდე მათი გადამოწმებისკენ მოუწოდებს. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიმართვა დღეს გაავრცელა. საელჩო აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა არაერთი ფაქტორი გახდეს.

პოლონეთის საელჩოს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობისთვის აღიარებაა, რომ თბილისში მიმდინარე აქციებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, დიპლომატიური უწყების განცხადებით დასტურდება, რომ მათ გარკვეული ინფორმაციაც აქვთ აქციებში საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობაზე.

ოპოზიცია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართვას სტანდარტულ განცხადებად თვლის. ხელისუფლების ოპონენტები აქციებში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესაძლო მონაწილეობას შემთხვევითობით ხსნიან.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის მინიმუმ უცნაური და გაუგებარია, რა ინტერესით შეიძლება მოქმედებდეს უცხო სახელმწიფოს მოქალაქე სხვა ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე.

პოლონეთის საელჩო ერთადერთი არაა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. დღის ბოლოს ანალოგიური შინაარსის ტექსტი საფრანგეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც გაავრცელა. ამ შემთხვევაშიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზებს შორის დასახელებულია მანიფესტაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში გარკვეული აქტივობა. 

დღის ამბები