ევროკავშირმა სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს კავშირების გაძლიერებას ევროპის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან.
ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ამასთან, წინ წაიწევს რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში.
"ამ ქვეყნების რიგმა აირჩია ევროკავშირში გაწევრიანების ან ევროკავშირთან უფრო მჭიდრო დაახლოების გზა," - წერია დოკუმენტში.
ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შავი ზღვის რეგიონთან მომავალი თანამშრომლობა სამ საკითხს ეყრდნობა - უსაფრთხოების, სტაბილურობის და მდგრადობის გაძლიერება.
"ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს ესაზღვრებიან, ჩვენ გვინდა ახალი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ციფრული კორიდორები, რომლებიც დაგვაკავშირებს კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან. უკეთესი რეგიონული კავშირები ახალ შესაძლებლობებს შექმნის ვაჭრობისა და ბიზნესისთვის. ის, ასევე, დაგვეხმარება ენერგეტიკული მარაგების დივერსიფიკაციაში რუსეთისგან. როგორც ევროპა, ასევე, რეგიონში ჩვენი პარტნიორები უფრო უსაფრთხოდ იქნებიან და მიიღებენ ეკონომიკურ სარგებელს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ჩართულობას და ვქმნით პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში. ვდებთ ინვესტიციას საერთო მომავალში," - აღნიშნა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.