01 სექტემბერი 2026,   00:35
ვრცლად
26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მილოცვებს საქართველო დღეს მსოფლიო ლიდერებისგან იღებს - რა გზავნილები იყო მთავარი მეგობრებისა და პარტნიორების მილოცვებში

შეერთებული შტატების გზავნილი საქართველოს - ეროვნული დღესასწაული ქვეყანას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიულოცა. მარკო რუბიომ საქართველო-ამერიკის 30 წლიან მეგობრობაზე, პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს.

დამოუკიდებლობის 107 წლის თავი საქართველოს განსაკუთრებულად მიულოცა ამერიკის დედაქალაქის მერმა, მარიელ ბაუზერმა 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.

საქართველოს მხარდაჭერა, სოლიდარობა, მჭიდრო პარტნიორობა და ევროპული მომავალი იყო ევროკავშირის ელჩის მთავარი სათქმელი. პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეო მიმართვაში ყურადღება ევროკავშირსა და საქართველოს მეგობრობაზეც გაამახვილა. 

ქართული ტექსტით მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ. დამოუკიდებლობის 107 წლის თავზე ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეოს აქვეყნებს ბრიტანეთის ელჩიც. გარეტ უორდმა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებების დაცვაზე ისაუბრა. საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემა,ორმხრივი მეგობრობა და ძლიერი პარტნიორობა იყო გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის მილოცვის ძირითადი გზავნილი.

გერმანია, პოლონეთი, მოლდოვა, უნგრეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, შვედეთი, დანია, ნიდერლანდები, პირველი პირები, კანონმდებლები და დიპლომატიური კორპუსი - საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს მილოცვებს იღებდა.

უცხოელი კოლეგებისგან დილიდან მისალოც წერილებს იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სომხეთის, ყაზახეთის, ისრაელისა და სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა შალვა პაპუაშვილს ეროვნული დღე მიულოცეს და ქართველ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება უსურვეს.
 
დედაქალაქები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მსოფლიო ღირსშესანიშნაობები, შენობები, ცათამბჯენები და სტადიონები დღეს საქართველოს დროშის ფერებში განათდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს ყველა წერტილიდან მიულოცეს.

დღის ამბები