უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთმა ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მასირებული იერიში მიიტანა რაკეტებითა და დრონებით. ქვეყნის დედაქალაქში საოკუპაციო ძალების თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავდა.
ხმელნიცკის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულია ოთხი და დაშავებულია ხუთი ადამიანი. ნიკოლაევში კი დრონებით იერიშის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდასხმა იყო ჟიტომირზეც. იქ დაბომბვას 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 12 მოქალაქე. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 298 დრონი და 70 რაკეტა გაუშვა.
რუსეთის მასირებულ შეტევებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ასეთი თავდასხმებით მსოფლიო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვშია.
რუსეთის დედაქალაქში კი, ომზე სასაუბროდ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან. მედიის ინფორმაციით, ჰაკან ფიდანი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რათა უკრაინაში ომის დასრულებაზე ესაუბროს.
"ყოველი ასეთი თავდასხმით მსოფლიო უფრო რწმუნდება, რომ ომის გახანგრძლივების მიზეზი მოსკოვშია. უკრაინა მზადაა დიპლომატიის ნებისმიერი ფორმისთვის, რომელიც შედეგს გამოიღებს. ჩვენ მზად ვართ ყველა ნაბიჯისთვის, რაც რეალური უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. რუსეთი კი არაფრისთვისაა მზად. ჩვენ სახლში დავაბრუნეთ კიდევ 307 ჯარისკაცი – რიგითები და სერჟანტები. მათი უმეტესობა უკრაინის შეიარაღებული ძალებიდანაა, ასევე არიან ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წევრები. 25 მაისს მესამე ეტაპია. ამ დღეებში ჩვენი ათასი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.