"კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში",- აცხადებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი.
ალან ბერსეს პოზიცია ევრონიუსმა გამოაქვეყნა. ბერსეს თქმით, ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, მაგრამ, ეს ზომები კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რაც არის სწორი, რაც არის სახელმწიფოსთვის სარგებლიანი და დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი ევროპაში, ის არ შეიძლება იყოს საქართველოში კონტრპროდუქტიული.
"დრო მოვიდა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას ყური დაუგდონ ევრო ბიუროკრატებმა და კარგად გაიაზრონ, რომ სიმართლე არის ერთი - არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება იყო ორ და სამი სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რაც არს სწორი, რაც არის სახელმწიფოსთვის სარგებლიანი და დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში, ის არ შეიძლება იყოს საქართველოში კონტრპროდუქტიული. უნდა იყოს ერთი მიდგომა, ერთი სიმართლე და ის რისი მოსმენაც ვაშინგტონიდან, ევრო-ბიუროკრატებს არ აღელვებთ და არ აშფოთებთ, იმავეს მოსმენა საქართველოდან ანალოგიურად უნდა ხდებოდეს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.