საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების გამო საქალაქო სასამართლო "ლელოს" ლიდერების საქმეს განიხილავს. 11:00 საათზე დაიწყო ბადრი ჯაფარიძის პროცესი, მამუკა ხაზარაძის კი პირველ საათზეა ჩანიშნული. დღეს იწყება მათი საქმეების არსებითი განხილვა. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამ საქმეზე 50 ათას ლარიანი გირაო აქვთ გადახდილი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ზოგიერთ შემთხვევაში, გირაოს გადახდას ციხეში ჩასმა ურჩევნიათ.
"ოპოზიციის წარმომადგენლებს, სამწუხაროდ გირაოს, გადახდას, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში ჩასმაც კი ურჩევნიათ, იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ და პასუხი გასცენ იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას დიდი ხანია აქვს. განსაკუთრებით სამწუხარო არის ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შემთხვევა - თქვენ იცით, რომ მაშინ ისინი ოპოზიციაში არ იყვნენ, ბიზნესმენები იყვნენ, თუმცა პირდაპირ და უშუალოდ იყო დაკავშირებული "TBC ბანკი" ყველა ბიზნეს გარიგებასთან და "TBC ბანკი" ზუსტად იმდენ სესხს აძლევდა კონკრეტულ ბიზნესმენებს, რასაც მერე სთხოვდა ადეიშვილის პროკურატურა. ეს საქმეები ცნობილია, არაერთი მათ შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც ისედაც იცის საზოგადოებამ, კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება და კიდევ უფრო ბევრ საქმეში აღმოჩნდება მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა "ნაციონალურ მოძრაობასთან", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.