20 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
11 წლის წინ დაწყებული ტრადიცია - საქართველოს ყველა ქალაქი და ასობით ათასი მოქალაქე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გაერთიანდა

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მოქალაქეებმა შეკრება 13:00 საათზე დაიწყეს. ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, სასულიერო პირები- ყველამ, ვისთვისაც დღევანდელი დღე ოჯახის სიყვარულთან, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვასთან ასოცირდება, თავი ქაშუეთის ეკლესიასთან, პარლამენტის წინ მოიყარა

რუსთაველის გამზირზე მყოფებს საკანონმდებლო ორგანოდან შეუერთდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. 

მთავარი ღონისძიების დაწყებამდე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე ქართველებს ცოტნე ივანიშვილმა მიულოცა.

ანსამბლ "მართვეს" მრავალჟამიერით საზეიმო ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაიწყო. მალევე, ქაშუეთის ტაძრიდან მთელ საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ მიმართა. მეუფე შიომ ქადაგებაში ოჯახის მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

ქადაგებას პარაკლისი მოჰყვა. ქაშუეთის ეზოდან ისმოდა ლოცვის და გალობის ხმა. ზარებისა და გალობის ფონზე დაიწყო მსვლელობაც

საქართველოს დროშებით, ხატებით, ბაირაღებით საქართველოს მოქალაქეები, სასულიერო პირებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის მთავარი გამზირიდან მთავარი მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. 

ხალხთან ერთად იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გზა ქაშუეთის ეკლესიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასთან ერად გაიარა. ირაკლი კობახიძემ, მმართველი გუნდის ლიდერებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთად, ფასეულობების სადარაჯოზე დგას. 

ტრადიციად ქცეული მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გაგრძელდა. მოქალაქეები, რომლებიც უკვე 11 წელია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ, ამბობენ რომ ეს დღესასწაული მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ყველას ვალია, საუკუნოვან ტრადიციებსა და ფასეულობებს პატივი სცეს. 

17 მაისი მოქალაქეებს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ

მსვლელობის ბოლოს, ყველა სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბა, საიდანაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა პატრიარქის თანამოსაყდრემ. მეუფე შიომ ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისთვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის დემოგრაფიულ საკითხებსა და აბორტების მზარდ სტატისტიკაზე

მეუფე შიოს შემდეგ, იყო პრემიერ-მინისტრის მიმართვა. მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება საქართველოს ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე მუდამ იდგება. 

პრემიერის სიტყვის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ, სხვა მღვდელმთავრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. 

ოჯახის სიწმინდის დღეს მთელი საქართველო, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან აღნიშნავს. მას შემდეგ მოქალაქეები ყოველ 17 მაისს ერთად იკრიბებიან, აწყობენ მსვლელობას, ერთად ლოცულობენ და ასე დღეს დღესასწაულად აქცევენ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები