საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს ეს დღე მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ოჯახის მნიშვნელობა განუზომელია და ის არის საფუძველი ყველაფრის - საფუძველი ძლიერი სახელმწიფოსი.
"ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა დღეს. მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს - ოჯახის სიწმინდის დღეს. ოჯახის მნიშვნელობა განუზომელია, ოჯახი არის საფუძველი ყველაფრის, საფუძველი სახელმწიფოსი. ძლიერი ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი. ეს გამოსცადა უკვე არაერთმა საუკუნემ, მრავალი საუკუნეა კაცობრიობას ამაზე უკეთესი, ამაზე ღირებული არაფერი შეუქმნია. ეს არის ბურჯი ყველაფრისა. ამაზე დღეს ჩვენ პატრიარქის თანამოსაყდრემაც ისაუბრა, პატრიარქის სიტყვებიც გვამცნო ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის შექმნის დღიდან, როცა უფალმა შექმნა ადამი, მას მოუვლინა მეუღლედ ევა, რომელიც უკვე იყო ოჯახი დედამიწაზე. შესაბამისად, ეს არის საფუძველი ყველა იმ განვითარებისა, რაც შემდგომ კაცობრიობას გადახდა თავს და დღემდე ოჯახი რჩება ერთადერთ მყარ ბურჯად სახელმწიფოსი, ძლიერი სახელმწიფოსი, ძლიერი საზოგადოებისა. ამიტომ აქვს ამ დღეს ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც ირგვლივ ძალიან დიდია ოჯახის საწინააღმდეგო პროპაგანდა, პროპაგანდა სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. ის შევიდა ძალიან ბევრ დაწესებულებაში - სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საზოგადოების სხვადასხვა სფეროში, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ დღეს მთელი საქართველო ხედავს, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არსებობს ძალიან დიდი ერთიანობა, არსებობს ერთიანი სულისკვეთება, რომელსაც აქ ვხედავთ. თავი და ბოლო არ უჩანს, იმდენი ადამიანია დღეს გამოსული ამ დღის აღსანიშნავად და ეს ძალიან გვახარებს. ყველას გილოცავთ ამ დღეს," - ამბობს პაატა სალია.