რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა - კრემლის ლიდერმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა, თუმცა თავად სიაში არ არის. ჯგუფს მისი თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. ის 2022 წელს უკვე იყო რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძღვანელი. თურქეთში კრემლის ინტერესებს ასევე წარმოადგენენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მედიის ცნობით, რუსული სამთავრობო ბორტი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ღამის 3 საათზე დაჯდა.
რაც შეეხება უკრაინის დელეგაციას - თურქეთში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩასვლას გეგმავს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი - იგორ ჟიჟკვა. უკვე ანკარაში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
ანდრეი სიბიგას სტამბოლში უკვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. რუბიო თურქეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი განიხილება.
რუბიოსთან ერთად, აშშ-ის დელეგაციას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დააკვირდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი.
Reuters-ის ცნობით, ტრამპი, რომელიც არ გამორიცხავდა მოლაპარაკებებზე სტამბოლში ჩასვლას, თურქეთში აღარ ჩავა.
შეხვედრასთან დაკავშირებით ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს The Washington Post-ი. ორმა დიპლომატმა გამოცემას უთხრა, რომ ზელენსკი იმედგაცრუებული იყო პოტენციური მოლაპარაკებების გარშემო განვითარებული სიტუაციით და შეხვედრაზე უარის თქმა უნდოდა, თუმცა ამერიკულმა და ევროპულმა მხარემ ის პირდაპირი მოლაპარაკებების აუცილებლობაში დაარწმუნა.