შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტს უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, მათი მიზანია კანონში არსებობდეს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის ქვეყნიდან გაძევება, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის წესებს არღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს.
მისივე თქმით, გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც საპროტესტო აქციებში იყვნენ ჩართული.
ახალი კანონით სახდელის ორი ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შემოდის. ეს ზომები უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გამოიყენება.
"გასულ თვეებში ჩვენ არაერთი უცხოელი ვიხილეთ, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებში იყვნენ ჩართული. გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობაც მათ მიმართ, თუმცა გაძევების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. შესაბამისად, ეს მუხლი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მიზნით შემოდიან, გამოყენებული იყოს ღონისძიება - ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა.
ამ პირების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში აქციების წინა დღეებში შემოვიდა. ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს. ეს ადამიანები გარკვეულ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.
სამწუხაროდ, საქმეს ართულებდა ის, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული პირების მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოხდა, მათ საქართველოში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ვერ დავიწყეთ.
თუ ჩვენ ეფექტური მექანიზმები გვექნება, დესტრუქციული ქმედებებს პასუხს გავცემთ. ეს აქციებში მსგავსი ძალების ჩართვის პრევენციას შეუწყობს ხელს," - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.