თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, მოწმის სტატუსით, დეტექტივი გიორგი ზაბახიძე იკითხება. მისი განცხადებით, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ნივთით თვალზე დაზიანება მიიღო. აქციების დროს დაკავებულებს ბრალი 225-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
"რუსთაველსა და ჭიჭინაძის კვეთზე ვიმყოფებოდი, სადაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ჩემი იქვე მისვლისას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქცია იყო მშვიდი, დაახლოებით 2 საათის შემდეგ აქციამ მიიღო აგრესიული ფორმა. ჩვენ მიმართ გარკვეული საგნების სროლა დაიწყო, იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები და გვესროდნენ სხვადასხვა ნივთს - ბოთლებს, ქვებს, ნატეხებს და ა.შ. ერთ-ერთი სროლისას ქვა მომხვდა თვალის არეში, რის შედეგადაც მივიღე დაზიანება, დამეწყო სისხლდენა, ჩემმა თანამშრომელმა მიმიყვანა სასწრაფოსთან და შემდეგ გადამიყვანეს საავადმყოფოში. მარჯვენა თვალში მივიღე დაზიანება. დღეს თითქმის ვერ ვხედავ ამ თვალიდან. არ დამინახავს, ვინ მესროლა", - აცხადებს დეტექტივი გიორგი ზაბახიძე.