22 ივნისი 2026,   14:10
ვრცლად
ბირთვული ქვეყნების დაპირისპირება - პირველი რაკეტა ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით წუხელ გაუშვა

პირველი რაკეტა ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით 7 მაისს, ღამის პირველ საათზე გაუშვა, მაღალი სიზუსტის იარაღმა დანიშნულების ადგილს მალევე მიაღწია და ისლამაბადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოპერაცია "სინდური" დაიწყო.

ოფიციალური დელის განცხადებით, ოპერაციის მთავარი მიზანი პაკისტანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რომელიც ინდოეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. ქაშმირის სადავო ტერიტორიაზე ინდოეთის საჰაერო თავდასხმებს 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ინდოეთის მიერ განხორციელებულ შეტევას მალევე უპასუხა პაკისტანმა, საპასუხო იერიში განხორციელდა ქაშმირის იმ რეგიონზე, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს. გარდაიცვალა 7 და დაშავებულია 32 ადამიანი. ისლამაბადში აცხადებენ, რომ სამხედრო კონფრონტაცია მანამდე იქნება ვიდრე ოფიციალური დელის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სამხედრო ოპერაციის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ.

ინდოეთისა და პაკისტანის რეგიონებში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მომატებული საფრთხის გამო ორმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ ჩაკეტა, პარალელურად, ინდოეთი სამხედროების მობილიზებას ახდენს კონფლიქტის ზონაში. ოფიციალური განცხადება გაკეთდა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაწყებულ კონფლიქტს გამოხმაურებები მოჰყვა მსოფლიოშიც. ამერიკის შეერთებული შტატები მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ჩინეთი შეშფოთებას არ მალავს, ირანი კი მზადაა მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები, ახლა ინდოეთსა და პაკისტანს მშვიდობის შენარჩუნებისკენ და სამხედრო დაპირისპირების მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ მოუწოდებენ.

ქაშმირის რეგიონი 1947 წლიდან 3 პასუხისმგებლობის ზონად არის დაყოფილი, რომელთაც ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი აკონტროლებენ. სწორედ პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობს ინდოეთი საკუთარი გავლენების გავრცელებას. დელისა და ისლამაბადს შორის სადავო რეგიონთან დაკავშირებით სამხედრო დაპირისპირებას საკმაოდ ვრცელი წარსული აქვს. 1947 წლიდან დღემდე ქვეყნებს შორის იყო 3 ომი, 4 სამხედრო ოპერაცია, 10 მსხვილი ტერაქტი, ასობით სასაზღვრო შეტაკება, ათობით დიპლომატიური, საზღვაო და სადაზვერვო დაპირისპირება.

2019 წლიდან მხარეებმა მოლაპარაკების გზით კონფლიქტის დროებით შეჩერება მოახერხეს. თუმცა, 22 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რამაც ინდოეთის ათობით მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, მხარეებს შორის კონფლიქტი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დღის ამბები