კიევის უარი მოსკოვს - კრემლის შეთავაზებული სამდღიანი ზავი უკრაინისთვის მიუღებელია. ვოლოდიმირ ზელენსკი მიზეზად ვლადიმერ პუტინის უნდობლობას ასახელებს და რუსეთისგან ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტას და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას ითხოვს.
კიევმა მოსკოვისგან საპასუხოდ ისევ მუქარა მიიღო - კრემლში ამბობენ, რომ 72 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 8 მაისს შევა, როცა პუტინი მოსკოვში, წითელ მოედანზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს უმასპინძლებს და 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა, უკრაინული მხარის თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი საპასუხოდ დაუყოვნებლივ შეტევას აანონსებს.
ვლადიმერ პუტინის მიერ 28 აპრილს უკრაინაში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მოსწონს აშშ-ს პრეზიდენტს. დონალდ ტრამპი ისევ დარწმუნებულია, რომ ომის დასრულება და კონფლიქტის მოგვარება უკრაინასაც სურს და რუსეთსაც.
ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მსჯელობა გრძელდება, უკრაინაში საომარი მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია. საოკუპაციო რეჟიმის სამიზნე ომის 1168-ე დღეს ხარკოვი გახდა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს დრონებით ოცჯერ დაარტყეს, შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები, საწარმო და სავაჭრო ცენტრი. სამიზნე გახდა ოდესაც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის თავზე 19 დრონი ჩამოაგდეს. არ ფუნქციონირებს მოსკოვის არცერთი აეროპორტი.
ფრონტზე ბრძოლისა და ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მძევლების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, თითოეულმა მხარემ 205 სამხედრო ტყვე სამშობლოში დააბრუნა.