ხელნაწერთა ფონდს კიდევ ერთი არტეფაქტი შეემატა. ხელნაწერი მინიატურულია, თუმცა მისი კულტურული მნიშვნელობა - განუზომელი. როგორც მკვლევრები ამბობენ, წიგნს დრო ვერ მოერია – ნუსხური ხელით შესრულებული სტრიქონები, საზედაო ასოებით დამშვენებული გვერდები და ფაქიზად გაფორმებული მინიატურა იმ ეპოქის მოწმეა, რომელშიც დაიწერა.
კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი ხელნაწერი გამორჩეული ისტორიული ფიგურის ნიკო დადიანის კუთვნილია, რომელსაც თანამედროვენი "დიდ ნიკოდ" მოიხსენიებდნენ. მინაწერი, რომელიც იამბიკონის პირველ გვერდზეა, ადასტურებს, რომ მისი მესაკუთრე ნამდვილად სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო.
იამბიკონის ბოლო გვერდი ისტორიული შინაარსის მინაწერებს ეკუთვნის, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული გაბრიელ ქიქოძის მოხსენიება.
ვიდრე ხელნაწერი ფართო საზოგადოებისთვის გამოიფინება, მანამდე რესტავრაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გაიაროს.
ხელნაწერი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც დღეიდან საქართველოს ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში იქნება დაცული.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი