11 აგვისტო 2026,   10:58
ვრცლად
ცემა, წამება, გაუპატიურების მუქარა, დახვრეტის იმიტაცია - საგამოძიებო კომისიაზე "ნაციონალური მოძრაობის" დროს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი პირები გამოიკითხნენ

ვალერი გელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი 2005 წლის ზაფხულში გახდა. დაზარალებული საგამოძიებო კომისიასთან იხსენებს, რომ უცნობი, ნიღბიანი პირები ელიავას ბაზრობასთან დახვდნენ, უსწორდებოდნენ ხელკეტებითა და იარაღის კონდახებით. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებას ადგილზე პირადად კუდის მაშინდელი უფროსი ხელმძღვანელობდა.

ყველაფერი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს ვალერი გელაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმართ ინტერესი გაუჩნდა. ყოფილი დეპუტატი საგამოძიებო კომისიასთან დეტალურად იხსენებს, რომ მისი კუთვნილი ტერიტორიის დათმობას აიძულებდნენ, მასზე შანტაჟსა და მუქარას კი პირადად ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ახორციელებდნენ.

ცემა, წამება, გაუპატიურების მუქარა, და დახვრეტის იმიტაცია - განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული და სასტიკად ნაწამები კიდევ ერთი პირის გამოკითხვა. ლაშა არქანია იხსენებს, რომ სამეგრელოს პოლიციის მაღალჩინოსნები მას დანაშაულში მონაწილეობასა და ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, უარის შემდეგ კი ახალგაზრდა კაცი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე მიიყვანეს, ტანი სიგარეტით დაუწვეს და სასტიკად აწამეს. არქანიას თქმით, წამებასა და ღირსების შემლახავ დანაშაულს პოლიციის მაღალჩინოსნები, გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა ხელმძღვანელობდნენ.

ლაშა არქანია იხსენებს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები სასურველი ჩვენების მიღებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. ის ამბობს, რომ, სასტიკი ანგარიშსწორების დროს, სამართალდამცველები მას ასაკოვანი დედის გაუპატიურებითა და ოჯახის წევრების ლიკვიდაციითაც ემუქრებოდნენ. პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს წლების განმავლობაში სწავლობდა სტრასბურგის სასამართლო. 2020 წელს ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ამ გახმაურებულ საქმეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაადგინა და ხელისუფლებას მისი ხელახალი გამოძიება დაევალა.

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დღეს კიდევ ერთმა დაზარალებულმა ისაუბრა, რომელიც ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრძანებით დააკავეს. გოჩა კაკოიშვილი იხსენებს, რომ თეთრიწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაბმულ მდგომარეობაში, ფიზიკურად პირადად უშიშროების თანამშრომლები უსწორდებოდნენ.

კაკოიშვილისთვის მძიმე იყო იზოლატორიდან სახლში დაბრუნების პროცესიც. საგამოძიებო კომისიაზე დაზარალებულმა თქვა, რომ ცემისა და წამების შედეგად მიღებული მძიმე ფიზიკური დაზიანებების გამო, მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეეძლო.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი განიხილეს. კომისიას ჩვენება ბესიკ დანელიამ მისცა, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებსა და წამების ფაქტებს ქუჩაში, მეგობრებთან ერთად აპროტესტებდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მას 20 მდე შეიარაღებული პირი სასტიკად გაუსწორდა. დანელიას თქმით, მისთვის უცნობი პირები თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის, მცირეწლოვან შვილთან და ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად, სახლში ბრუნდებოდა.

ვინ გასცემდა ბრძანებებს და როგორ მუშაობდა სისტემა "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რიგით 21-ე სხდომა დღეს 6 საათს გაგრძელდა. კანონმდებლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე დასკვნა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა მოამზადონ.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

დღის ამბები