20 აგვისტო 2026,   10:13
ვრცლად
გენური ინჟინერია - საკამათო, მაგრამ რევოლუციურ მიმართულება - სასარგებლოა თუ საზიანო გენმოდიფიცირებული საკვები

"კურიერი P.S.-ის" გამოკითხული მომხმარებლების 100% წინააღმდეგია გენმოდიფიცირებული პროდუქტის. დარწმუნებულები არიან, რომ ის ცუდია, მაგრამ რას ნიშნავს სურსათში გენური ინჟინერიის გამოყენება, ამაზე დაახლოებითი წარმოდგენა არ აქვთ - უბრალოდ, ნატურალური ურჩევნიათ.

გენური ინჟინერია სტარტს გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს.

სურსათში გენების მოდიფიცირების იდეა ბევრად კეთილსინდისიერი იყო, ვიდრე ის წლების შემდეგ ხალხის ცნობიერებაში ჩამოყალიბდა. მიზანი სხვადასხვა მარცვლეული კულტურის ჯიშების გაუმჯობესება და მათი მოყვანის პროცესში შხამქიმიკატების გამოყენების აუცილებლობის შემცირება იყო.

მეცნიერების ეს მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათწლეულებს ითვლის, ჯერ ისევ უამრავ საიდუმლოს ინახავს. ნაკლებად საჯაროვდება კვლევების შედეგები, მაგრამ მაინც ცნობილია რამდენიმე მოდიფიკაციის მაგალითი და მათი პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგები.

მეცნიერები წარმატებულ და წარუმატებელ მაგალითებზე საუბრობენ და, შესაბამისად, მათი აზრიც ორად იყოფა. არიან ამ მიმართულების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.

გენმოდიფიცირებული პროდუქტის არც ზიანი და არც სარგებელი ჯერ არავის დაუმტკიცებია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის საკვებად გამოყენებას დასაშვებად ცნობს. უბრალოდ, არსებობს წესი: გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმს ან ასეთი პროდუქტისგან შემდგან სურსათს ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლოგო. სხვანაირად, მისი ამოცნობა, მიუხედავად ბევრი მითისა, შეუძლებელია.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების კულტივაცია-რეალიზაციას საქართველოში კანონმდებლობა არეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში GM ჯიშების მოყვანა დასაშვებია, საქართველომ, გარემოზე შესაძლო ზიანის მოტივით, ეს აკრძალა, თუმცა უშუალოდ პროდუქციის რეალიზაცია დასაშვებია.

მომხმარებელს, უბრალოდ, აქვს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ერთგვარ ექსპერიმენტში და შეიძინოს გამოყვანილი ჯიშები თუ არა. ახლა მსოფლიო მრავალწლიან მარათონს გადის, რომლის ფინიშზეც გაირკვევა, იყო თუ არა ორგანიზმების გენეტიკურად მოდიფიცირება მართლაც გენიალური იდეა.

დღის ამბები