გერმანიაში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის, რაც ევროპაში დაშვებული და დემოკრატიულია, საქართველოსთვის აკრძალულია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს კითხვები აქვთ გერმანიის ელჩთანაც.
"ევროპის მასშტაბით 100-ზე მეტი არის იმ პარტიების რაოდენობა, რომელთა საქმიანობაც არის აკრძალული და თურმე ეს შესაძლებელია, დემოკრატიულია, ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისია, ხოლო ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სახით, თურმე მათ საქმიანობას არავინ უნდა შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, ლამის არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი და საფუძველი პარტიის საქმიანობის აკრძალვისა, რომელთაც დარღვეული არ ჰქონდეთ. კიდევ ერთი მაგალითია, რომ უბრალოდ აღარ არსებობს "დიფ სთეითისათვის" სტანდარტები, როგორც უნდა ისე მოქმედებენ და ამავე დროულად, რა განცხადებასაც უნდა იმას აკეთებენ, და ამ ყველაფერს არც კი ცდილობენ, რომ რამენაირად შეფუთონ", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სადაზვერვო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვაზე, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" შესწავლის შემდეგ მიიღო.