გაფრენამდე ორი საათით ადრე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციას გადიან და ფრენისთვის ემზადებიან. ბოინგი 737-800 - რომის მიმართულებით პირდაპირი რეისის შესასრულებლად ბოლო შემოწმებას გადის. ბოინგი საქართველოს დროით 12:45-ზე აფრენას ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქისკენ იწყებს.
ქართული ავიაკომპანია ორ დედაქალაქს დააკავშირებს. დამატებით, რეგულარულ ფრენებს მილანსა და ფორლის მიმართულებითაც შეასრულებს.
ეკიპაჟის მეთაურმა ფრენა რომის საერთაშორისო აეროპორტამდე წარმატებით შეასრულა.
თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ფიუმიჩინოს აეროპორტში. ავიაკომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ იტალიის მიმართულებით პირდაპირი ფრენა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მეტად გაზრდის.
ახალი საჰაერო კავშირის მნიშვნელობაზე საუბრობს იტალიური მხარეც - მათი შეფასებით რეგულარული რეისები ორი ქვეყნის ურთიერთობას უფრო გააუმჯობესებს.
"ჯორჯიან ეარვეისი" ზაფხულის სეზონზე იტალიის გარდა, პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით გააგრძელებს.