მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ომანში - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლებმა ისლამური სახელმწიფოს ბირთვული პროგრამის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების პროცესი დამაკმაყოფილებელია.
მისივე განცხადებით, მხარეებს შორის სხვა საკითხებზე საუბარი არ შემდგარა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ თეირანის მიმართ ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციების შემსუბუქების საკითხი დისკუსიის ნაწილია.
"კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებების პროცესითა და ტემპით. ამჯერად დიალოგი ბევრად უფრო სერიოზული გახლდათ. საბოლოოდ, ჩვენი დისკუსიები უფრო ჩაუღრმავდა დეტალურ და ტექნიკურ სფეროებს. ექსპერტების დასწრება ძალიან სასარგებლო იყო. რამდენჯერმე გავცვალეთ წერილობითი მოსაზრებები. იცით, რომ მოლაპარაკებები არაპირდაპირია. ტექნიკური განხილვები საჭიროებს უფრო კონკრეტულ ყურადღებას, ამიტომ მოსაზრებები ძირითადად, წერილობითი ფორმატით გავცვალეთ," - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.