25 აგვისტო 2026,   16:06
ვრცლად
ჯო უილსონის განცხადება საქართველოში განხილვის თემაა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკელ კონგრესმენს დეზინფორმაციას მისი მოკავშირე ოპოზიცია აწვდის

"ქართული ოცნება" ჯო უილსონის მორიგ განცხადებაზე საუბრობს. "რეჟიმმა გახსნა საქართველოს საზღვარი თალიბანისთვის" - დაწერა ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელში და მთავრობის 17 აპრილის დადგენილებას გამოეხმაურა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უილსონს დეზინფორმაციას მისი მოკავშირე ოპოზიცია აწვდის, რომელიც ბოლო ორი დღეა ამტკიცებს, თითქოს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭათ.

სპარსეთის ყურის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება 2015 წლიდან, დადგენილებაში ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ, თუკი ისინი გალფის ქვეყნების ვიზას ან ბინადრობის მოწმობას ფლობდნენ. თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები. აუცილებელი მოთხოვნა გახდა დოკუმენტაციის მინიმუმ 1 წლიანი ვალიდურობა. ახალი რეგულაციით, სავიზო პოლიტიკა უფრო გამკაცრდა, ამის მიუხედავად კი, ხელისუფლების ოპონენტები საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები განსაკუთრებით აქტიურობდნენ სოციალურ ქსელში. არაერთი ოფიციალური განმარტების მიუხედავად, ისინი დღესაც ირწმუნებიან, რომ მთავრობამ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლის საშუალება მისცა და აქცენტს საიმიგრაციო უსაფრთხოებაზე აკეთებენ.

დეზინფორმაციის ორკესტრირებული კამპანია - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ოპოზიციის განცხადებებს, რომელსაც მოგვიანებით იმავე პათოსით ამერიკელი კონგრესმენიც შეუერთდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები პოლიტიკური მიზნების მიღწევას მიზანმიმართული სპეკულაციებით უშედეგოდ ცდილობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ცვლილებები კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს, რაც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სწორედ საფრთხეების და თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის გათვალისწინებით განისაზღვრა 17 აპრილის დადგენილებით ის 17 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა უფრო მეტად ურთულდებათ. ამ ქვეყნებს შორისაა ავღანეთი, ბანგლადეში, პაკისტანი და სირია.

უწყების განმარტებით, ცვლილებები არ ეხება ქვეყანაში შემოსვლის წესებსა და პროცედურებს.

დღის ამბები