ეუთოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად მივიდა. ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოს როლი - სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს.
ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, პრემიერთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოკუპაციის პირობებში ეუთო მნიშვნელოვანი პლატფორმაა და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი პრინციპების მიმართ ერთგულებას.
"რუტინული და ტექნიკური ხასიათის ვიზიტი" - ეს ოპოზიციის შეფასებაა.
ხელისუფლების ოპონენტები, ვისთვისაც ეუთოს პოზიციებს საპარლამენტო არჩევნებამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, პირველადი დასკვნის შემდეგ კი მისი კრიტიკა დაიწყეს, დღეს ღიად ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა თუ ეს სტუმრობა არ შედგებოდა.
მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს იმიჯის დაზიანებას. ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვედრების განრიგი დატვირთულია. ეუთოს გენერალური მდივანი დღესვე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პოლიტიკური პროცესები, საკანონმდებლო საქმიანობა და შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები - სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე ფერიდუნ სინირლიოღლუ პრეზიდენტს ესტუმრა. მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ეს საკითხი მთავარი თემა იყო შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის დროს
ეუთოს გენერალური მდივანი დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ფერიდუნ სინირლიოღლუს 2024 წლის საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.