პარლამენტის საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ახალ ეპიზოდებს სწავლობს.
კაცი იარაღით, რომელიც ოქროყანის ტყეში გატაცებულ მეგობრებს დახვრეტის რიგითობის არჩევანს სთავაზობდა, კუდის იმდროინდელი უფროსი დათა ახალაია იყო. 2005 წლის სექტემბერი, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კახა დაბრუნდაშვილმა დეტალურად გაიხსენა. ოქროყანის ტყეში, მეგობარ ვამეხ აბულაშვილთან ერთად მისი გატაცებისა და წამების სპეცოპერაცია ახალაიას დავალებით ოლეგ მელნიკოვმა და გერონტი ალანიამ შეასრულეს.
ტაბიძის ქუჩიდან გატაცებული მეგობრების წამების და არაადამიანური მოპყრობის მიზეზი, საბედისწერო ზარი გახდა, რომელიც დათა ახალაიას ტელეფონიდან ღამის 4 საათზე, ვამეხ აბულაშვილის მეგობარ ქალთან შევიდა.
დაბრუნდაშვილმა დროებით საგამოძიებო კომისიასთან დეტალურად გაიხსენა წამების სისასტიკე, რომელიც ახალაიას დავალებით ოქროყანის სასაფლაოზე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. კუდის თანამშრომლებმა სასიკვდილოდ ნაცემი მეგობრები მაშინ ცოცხლები, მხოლოდ ფაქტის გაუთქმელობის პირობით დატოვეს.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმის მთავარი მოქმედი პირი, რომელმაც საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა, გიორგი ზერეკიძეა. 2006 წლის 6 იანვარს, 14 წლის ზერეკიძე სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვდა. როგორც ზერეკიძე ჰყვება, საკუთარ სახლთან ახლოს მას შელაპარაკება დისტრიბუტორთან მოუვიდა, რომელიც ბლაგვი საგნით მსუბუქად დაიჭრა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანაც კი არ დასჭირვებია. პოლიციაში საკუთარი მამის ხელით მიყვანილი ზერეკიძე ჯერ ხელწერილით გამოუშვეს, თუმცა რამდენიმე წუთში უკან მიაბრუნეს და ბრალი ყაჩაღობის, ხულიგნობისა და განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.
გიორგი ზერეკიძეს ამ ბრალდებით ციხეში 7 წლის გატარება მოუხდა. კომისიასთან მან, ციხის სისასტიკეზეც ისაუბრა. მოყვა, როგორ არ აძლევდნენ მოზარდს საკუთარი მშობლების ნახვის შესაძლებლობასაც კი, რის გამოც სხეულზე თვითდაზიანებებიც მიიყენა იმ იმედით, რომ საპატიმროს საავადმყოფოში დედ-მამის ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა. ზერეკიძემ პატიმრობის დროს ე.წ. ბუნტის მცდელობის ეპიზოდზეც ისაუბრა, რასაც სრულიად უმიზეზოდ, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით არასრულწლოვანების განსაკუთრებული დასჯა მოყვა.
ციხეში გატარებული უმძიმესი წლების მიუხედავად, ყოფილი პატიმრისთვის ყველაზე მძიმე გადასატანი მაინც მამის საპატიმროში გარდაცვალება გახდა. ზერეკიძე დარწმუნებულია, რომ მამამისი მისი მორალური განადგურების მიზნით მოკლეს.
გიორგი ზერეკიძის დედ-მამა სტრასბურგიდან ბრუნდებოდა, როდესაც დედის ჩანთაში პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინა. ზერეკიძის მშობლები სტრასბურგში, შვილის გადასარჩენად მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის რჩევის შესაბამისად იმყოფებოდნენ. ეგონათ, რომ სარჩელის გამოტანის შემთხვევაში მათი შვილი გათავისუფლდებოდა. დანაშაული მაშინ საკუთარ თავზე მამამ აიღო, რომელსაც ორი უვადო პატიმრობა მიესაჯა.
14 წლის მოზარდის ისტორიას, კომისიის სხდომაზე ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
ახალაიების სახელი კომისიაზე მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ, კახა მაღლაკელიძემ გააჟღერა. ბრალდებულმა, რომელიც სასჯელს დღემდე იხდის, გაიხსენა რა მეთოდებით გაუსწორდა ახალაია, მან სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და დღეს არსებული მიდგომების განსხვავებაზე ისაუბრა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მეათე სხდომაზე კიდევე ერთხელ გაისმა მამუკა ხაზარაძის სახელიც. საუბარია საკუთრების უფლების დარღვევაზე. რამაზ ახვლედიანმა ლისის ტბის ჩამორთმევის ეპიზოდი გაიხსენა. ბიზნესმენმა გაიხსენა როგორ ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს მასზე დავით კეზერაშვილის დავალებით. ჩამორთმეული ქონება კი მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ბობ მეიერის კომპანიას ბინათმშენებლობის უფლებით გადასცა. ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძემ, მას, როგორც პარტნიორს უღალატა და სამთავრობო კავშირებით ქონება წაართვა.
დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კანონმდებლებმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე დასკვნა საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა მოამზადონ.