არ არის გასაკვირი ეს კონვულსიები, ნებისმიერ მიმართულებაზე, სადაც თავისუფალი აზრის და ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციების დახმარება და მხარდაჭერა ხდება, - ასე შეაფასა პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა საბა ბუაძემ შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ევროპელი ელჩების მხრიდან ძალადობის არ დაგმობას ეხება.
ბუაძის თქმით, არც ერთ ძალადობრივ ქმედებას, რომელიც ჟურნალისტების და საზოგადოების სხვა წევრების მიმართ განხორციელდა, ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი პასუხი არ ჰქონია.
"არ არის გასაკვირი ეს კონვულსიები, ნებისმიერ მიმართულებაზე, სადაც თავისუფალი აზრის და ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციების დახმარება და მხარდაჭერა ხდება. ამის საპასუხოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, როდესაც ისინი გვესაუბრებიან რაღაც ტიპის ძალადობრივ ქმედებებზე, არც ერთ ძალადობრივ შემთხვევაზე, რომლებიც განხორციელდა ჟურნალისტების და საზოგადოების სხვა წევრების მიმართ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამართლებრივი პასუხი", - განაცხადა საბა ბუაძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ძალადობის ფაქტების არა კომენტირება, არამედ გამოძიებაა საჭირო.
"ძალადობრივი ქმედებების კომენტირება კი არ არის საჭირო, გამოძიებაა საჭიროა. რა უდგას წინ, რომ მაგალითად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე. გჯერათ, რომ არც ერთ პოლიციელს, არც ერთ ეტაპზე არ გადაუმეტებია უფლებამოსილება?", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.