22 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას - მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე სამთავრობო გუნდი ერთობლივად, ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად მივიდა.

"რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში, გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს მუშაობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი, რომელსაც აქვს მართვისა და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება - წლების განმავლობაში, ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში, შემდეგ იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, იყო სამგორის რაიონის გამგებელი, ქალაქ თბილისის მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი. დღემდე, კახა გულედანი იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები