სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილების თანახმად, გირაოს სახით შეფარდებული ორ-ნახევარი მილიონი ლარის ამოღება ბაჩიაშვილების უძრავი ქონებიდან მოხდება.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა განმარტა, ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება, თუმცა მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, დაარღვია გირაოს პირობები და სწორედ ეს გახდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი.
გიორგი ბაჩიაშვილს, ამ ეტაპზე, სამი ბრალდება აქვს წარდგენილი. საზღვრის უკანონო კვეთამდე მას ედავებოდნენ კრიპტოვალუტის მითვისებას და თანაინვესტირების ფონდში მოვალეობის შეუსრულებლობას. პირველად საქმე მის წინააღმდეგ 2023 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიმართვის საფუძველზე აღიძრა. ცოტახნის წინ, მას ბრალი წაუყენეს "მტკვარი ჰესთან" დაკავშირებით. გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა ორ მარტს დატოვა.