კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვა - 47-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამერიკულ ოცნებას აასრულებს და შტატებს დიდებას დაუბრუნებს. რუსეთ-უკრაინის ომზე საუბარს, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, ტრამპმა ზუსტად 4:48 წუთი დაუთმო. თქვა, რომ მშვიდობის დასამყარებლად რუსეთიდან ძლიერი სიგნალები მიიღო. წაიკითხა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილიც - ასე შეიტყო მთელმა მსოფლიომ, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე.
ტრამპის სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეაჩერა, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში ეხმარებოდა. საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებსა და დიპლომატებს ამერიკელ კოლეგებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიღება დაავალა. ვიდეომიმართვაში კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
იშვიათი მინერალების შეთანხმება ეჭვებს უჩენს მოსკოვს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს.
რუსეთს არ მოსწონს, ევროპა კი ყველაფერს აკეთებს, რომ შტატებსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. ზელენსკისა და ტრამპს შუამავლობას საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი სთავაზობენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ომის 1106-ე დღეს, მოლაპარაკებებში წვლილის შეტანა მოისურვა ლუკაშენკომ და შეხვედრის ადგილად მხარეებს მინსკი შესთავაზა. თუმცა, პუტინის მოკავშირის წინადადება მხოლოდ კრემლს მოეწონა.