20 აგვისტო 2026,   06:51
ვრცლად
ოსკარების დაჯილდოების 97-ე ცერემონია ჰოლივუდში - მთავარი ტრიუმფატორი შონ ბეიკერის ფილმი "ანორა" გახდა

ოსკარების დაჯილდოების 97-ე ცერემონია ჰოლივუდში. 2024 წლის საუკეთესო ფილმი. გამართლდა თუ არა პროგნოზები? - ამერიკის კინოაკადემიის რიგით 97-ე დაჯილდოების მთავარი ტრიუმფატორი შონ ბეიკერის "ანორა" გახდა. საუკეთესო ფილმად აღიარებულმა ამერიკულმა დრამამ ოსკარი კიდევ 4 ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.

კინოსურათში მთავარ როლს მაიკი მედისონი ასრულებს, რომელმაც ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობების ნომინაციაში მიიღო.

22 წლის შემდეგ კინოაკადემიის სცენაზე გრანდიოზულად დაბრუნდა ედრიენ ბროუდი. მსახიობი "ბრუტალისტში" შესრულებული მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა.

ბროუდისთვის ეს მეორე ნომინაცია და გამარჯვებაა, 2003 წელს ოსკარი ფილმ პიანისტში შესრულებული როლისთვის მიიღო. საინტერესო ფაქტია ის, რომ მისი ორივე პერსონაჟი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელია.

კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში ოსკარი ზოი სალდანამ, ფილმ ემილია პერეზში შესრულებული როლისთვის მიიღო. მსახიობის სიტყვით გამოსვლა წლევანდელი ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო.

პალესტინელი და ისრაელი რეჟისორების თანამშრომლობით შექმნილმა ფილმმა "No Other Land" დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. რეჟისორებმა ჯილდოს აღებისას ღაზაში მიმდინარე კონფლიქტს გაუსვეს ხაზი.

"პაპის კონკლავი", რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე მონაწილეობს საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის დაჯილდოვდა.

წელს პრესტიჟული კინოპრემია 20-ზე მეტ ნომინაციაში გაიცა. ოსკარის გარეშე დარჩა დემი მური, რომელიც ჯილდოს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ელოდა. თუმცა ფილმმა "სუბსტანცია" საუკეთესო გრიმისა და ვარცხნილობის კატეგორიაში გაიმარჯვა.

წლევანდელი ცერემონია ჰოლივუდში მდებარე დოლბის თეატრში გაიმართა.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა, ოსკარების დაჯილდოება კვლავ რჩება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც კინოინდუსტრიაში ტენდენციებს ამკვიდრებს.

დღის ამბები