ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და პირადი სივრცის პატივისცემა - ეს ის თვითრეგულირებადი საკითხებია, რომლის შესრულებასაც ამიერიდან მარეგულირებელი კომისია შეამოწმებს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დღეს "მაუწყებლის შესახებ" კანონს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირეს. ე.წ. ბრიტანული BBC-ის სტანდარტების ქართული ანალოგი სამომავლოდ მედიებს გაუჩენს ვალდებულებას, რომ, ეთიკის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მომჩივან მხარესთან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში იდავოს.
ცვლილება ეხება მედიის დაფინანსების საკითხსაც. ამიერიდან მაუწყებლები სოციალური რეკლამიდან ფინანსურ შემოსავალს ვეღარ მიიღებენ. კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნიდან ტელევიზიის დაფინანსებასაც, თუმცა ეს კომერციული რეკლამის განთავსებას არ შეეხება.
ბრიტანული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის, რაც გაერთიანებულ სამეფოში წარმატებით მუშაობს, საქართველოში მედიაცენზურის წინაპირობა გახდება.
ოპონენტების პოზიციას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული მედიის ნაწილმა წინასაარჩევნოდ სწორედ არალეგალური უცხოური დაფინანსება მიიღო. ოპოზიციის კრიტიკა არ უკვირთ სახელისუფლებო გუნდის სხვა ლიდერებსაც. მათი თქმით, რეალურად კანონი თვითრეგულირების აღსრულების მექანიზმებს გააჩენს, რაც საზოგადოებას დეზინფორმაციისგან დაიცავს.
კანონპროექტი მაუწყებლის შესახებ საქართველოს პარლამენტში 24 თებერვალს დარეგისტრირდა. ბრიტანული BBC-ის სტანდარტების ქართული ანალოგის განხილვას და დამტკიცებას, საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს.