25 აგვისტო 2026,   19:48
ვრცლად
აშშ-ს რეზოლუციის თანასპონსორი საქართველო - რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავზე გაეროში მორიგი პოლიტიკური განაცხადი კეთდება

რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავზე, გაეროში მორიგი პოლიტიკური განაცხადი კეთდება - ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რეზოლუციის ინიციატივით გამოდის, რომლის პირველივე თანასპონსორიც საქართველოა. დოკუმენტში საუბარია კონფლიქტის ტრაგიკულ ზიანზე და მისი მთავარი მოწოდება ომის სწრაფად დასრულებაა. ამას ითხოვს ალტერნატიული პროექტით ომში მყოფი ქვეყანაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მასში ერთადერთ დამნაშავედ მოხსენიებულია რუსეთი. საერთაშორისო მედიის ცნობით, ვრცელ უკრაინულ ვერსიას ემხრობიან ევროპის ქვეყნები, თუმცა ვაშინგტონმა კიევსაც და ბრიუსელსაც მოუწოდა, წარდგენილი პროექტი უკან გაიწვიონ და მხარი ამერიკის და საქართველოს ინიცირებულ დოკუმენტს დაუჭირონ.

სახელისუფლებო გუნდი ომის შესაჩერებლად ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას იზიარებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი და პრინციპული პოზიცია ყოველთვის მშვიდობის დამყარებას ემსახურებოდა. უმრავლესობა განმარტავს, რომ ვაშინგტონის რეზოლუციის თანასპონსორობას მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

უკრაინის მხარდამჭერი პროამერიკული ნაბიჯის გამო, ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ღიად ვერ აკრიტიკებს, თუმცა ვაშინგტონის ინიცირებულ პროექტში შესწორებები შეაქვს - ხელისუფლების ოპონენტები ევროპის მხარდაჭერილი უკრაინული ვერსიის მსგავსად, რეზოლუციაში რუსეთის აგრესორად მოხსენიებას ემხრობიან.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ის ვინც ვაშინგტონის ინიციატივას ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება მშვიდობას. უმრავლესობა ომის დასრულებისკენ მოწოდებული რეზოლუციის შესახებ ოპონენტების კრიტიკას, კონკრეტული ძალების ინტერესებით ხნის.

რეზოლუციის თანასპონსორი მხოლოდ ამერიკა აღარ არის, მას პირველივე შეუერთდა საქართველო, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნები - მათ შორის უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.

დღის ამბები