ბათუმის მერიის ინფორმაციით, უამინდობასთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
"სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია.
გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები.
სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. ქალაქის წყალმომარაგება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მოსული თოვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში", - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.