კუნძულ სანტორინის ჩრდილოთ-აღმოსავლეთი მხარე ამ წუთებში პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა. საათში ერთხელ აქ ერთი მიწისძვრა მაინც ფიქსირდება.
ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიურმა ლაბორატორიამ გასული დღეების განმავლობაში კუნძულის მიმდებარედ 10 000-ზე მეტი მიწისძვრა დაითვალა. ამიტომაც, ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულზე, მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული.
ცივი სეზონის გამო ამჟამად კუნძულზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ოჯახების ნაწილმა კუნძულის დატოვებაზე უარი თქვა.
მიწისქვეშა ბიძგები თებერვლის დასაწყისში გააქტიურდა, დღის განმავლობაში 30-ზე მეტი მიწისძვრა 4.0 მაგნიტუდას აღემატებოდა და მათი უმეტესობა 10 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეში დაფიქსირდა. გასული დღეების განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო, რომელიც დედაქალაქ ათენშიც კი იგრძნობოდა. ასევე, კუნძულ კრეტაზე და თურქეთის ნაწილშიც, 240 კილომეტრის მოშორებით.
დიდმა ბიძგებმა კუნძულის სანაპირო კლდეებიდან ქვათაცვენაც გამოიწვია, მცირედ დაზიანდა შენობებიც.
სანტორინი დიდწილად ჩაძირული კალდერაა — გასული 180 000 წლის განმავლობაში ვულკანური აქტივობის შედეგად წარმოქმნილი კრატერი, სადაც ბოლო ამოფრქვევა 1950-იან წლებში მოხდა. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ საზიანო ცუნამიც წარმოქმნა. ბიძგებს მოჰყვა 7,2 მაგნიტუდის ე.წ. აფთერშოკიც. მაშინ მიწისძვრასა და ცუნამის 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ უფრო ბევრი.
მეცნიერებმა ჯერაც არ იციან, თებერვალში კუნძულ სანტორინიზე გააქტიურებული სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგები ვულკანს გააღვიძებს თუ პოტენციურად საშიში და დამანგრეველი მიწისძვრა ჯერ კიდევ წინ არის.
საბერძნეთის მთავრობამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, მანამ სანამ მთავრობა ინტენსიურ გეოლოგიურ ფენომენს გაუმკლავდება. მიწისძვრების გამო სანტორინის აეროპორტიდან დამატებითი ფრენებიც სრულდება, რათა მოსახლეობა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანონ. კუნძულზე მოქმედი სკოლები და კერძო დაწესებულებები დახურულია.
სანტორინისთვის, რომელიც აფრიკულ და ევრაზიულ ტექტონიკური ფილების მახლობლად მდებარეობს, ბიძგები უცხო არ არის, თუმცა მუდმივი სეისმური აქტივობა აქ მაინც იშვიათია.
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ კუნძულზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან ქართველი სეისმოლოგებიც. ყვებიან, რომ უცხო არ არის ეგეოსის ზღვაში მსგავსი პროცესები, თუმცა მიწისძვრების ამგვარი სიმრავლე სეისმოლოგებისთვის უფრო მასშტაბური სეისმო პროცესების მოლოდინს აჩენს.
გახშირებული მიწისძვრების შემდეგ თურქეთში ზღვამ სანაპიროდან 200 მეტრით დაიწია. საბერძნეთი სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია ევროპაში. როგორ შეიძლება აისახოს ეგეოსის ზღვაში დაწყებული პროცესები ევროპის კონტინენტზე - ამის თქმა მეცნიერებს უჭირთ და კომპლექსურ მიდგომებზე საუბრობენ.
5 კუნძულისგან შემდგარი წრიული არქიპელაგი ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, რომელიც ყოველწლიურად 4 მილიონამდე ტურისტს იზიდავს. მუდმივ მოსახლეთა რაოდენობა კუნძულზე 20 000-ს აღწევს, მათმა დიდმა ნაწილმა კი სანტორინი უკვე დატოვა.