31 აგვისტო 2026,   10:12
ვრცლად
"ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი რეზოლუცია" - ბადრი ჯაფარიძე

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში ხაზს უსვამს, რომ "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით".

არის მოწოდება აქციების დროს დაკავებულთა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებაზე. ახალ დოკუმენტში გააფართოვეს იმ ადამიანების სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. მათ შორის მოხვდნენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია მფლობელები. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ:

"ევროკავშირის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმძიმესი რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ეს არის რეზოლუცია, რომლის მსგავსი სიმწვავის გადაწყვეტილებები არ გინახავს დღემდე და შედეგი არის იმ ძირგამომთხრელი საქმიანობის, რომელსაც ეწევა "ქართული ოცნება". ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, თავისუფალ და სამართლიან პირობებში, უნდა ჩატარდეს", - განაცხადა”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი კი აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა მძიმე მომენტშია:

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მომენტში, ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების დასავლეთთან და მათ შორის ევროკავშირთან მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე. მსგავსი ტიპის რეზოლუციები არის პოლიტიკური ამინდის შემქმნელი, ასე, რომ ეს რეზოლუცია ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის,"- აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები