დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, სასამართლომ პროკურატურის წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი:
"სასაცილოა ეს დოკუმენტი, უნდათ წარმოაჩინონ თითქოს ეს ჩანაწერი იყო მონტაჟზე დაქვემდებარებული და ვერც გამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა. სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ ჩანაწერს და მგონი არანაირი ექსპერტი არ იქნება აქ საჭირო იმის დასადგენად, თუ ვინ არიან მოსაუბრეები. ჩვენ ეს ჩანაწერი გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში, ჩამოსული იყო გერმანელი სპეციალისტი, რომელიც იკვლევს ამ ჩანაწერს და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება პასუხი," - აცხადებს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.
საქმეს მტკიცებულებად დაერთო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ აუდიო ჩანაწერი, ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაყალბებული, რამდენჯერმე დაჭრილი და ფალსიფიცირებულია. ჩანაწერი დაცვის მხარემ წარადგინა, თუმცა ის ექსპერტიზამ გაყალბებულად ცნო. მომდევნო სხდომა 17 თებერვალს დაინიშნა.
"სხდომაზე გამოკვლეული იქნა აბსოლუტურად ყველა წერილობითი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს. ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის არაკეთილსინდისიერებას, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ეს წარმოდგენილი იქნა, რაც დაეფუძნა როგორც არსებულ საკვლევ მასალას, ასევე გამოყენებული იქნა უმთავრესად პროგრამული უზრუნველყოფა და მარტივად დადგინდა, რომ ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ბევრი მონტაჟის კვალი დგინდება", - აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.