23 ივნისი 2026,   09:40
ვრცლად
"რა მოხდა? აქ რატომ ვარ?" - სამხრეთ კორეაში, 181 ადამიანიდან ავიაკატასტროფას მხოლოდ 2 გადაურჩა

179 დაღუპული და მხოლოდ 2 გადარჩენილი - სამხრეთ კორეაში, ავიაკატასტროფის გამო, 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

გადარჩენილთაგან ორივე ეკიპაჟის წევრია. შეჯახებისა და აფეთქებისას, ორივე მათგანი თვითმფრინავის ე.წ. კუდის მხარეს იყო.

"რა მოხდა? აქ რატომ ვარ?", - ჰკითხა ექიმებს ერთ-ერთმა გადარჩენილმა, 32 წლის კაცმა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და კონტაქტურია. მას მარცხენა მხრისა და თავის არეში აქვს დაზიანებები.

კიდევ ერთ გადარჩენილს, 25 წლის გოგოს ავარიის შესახებ არაფერი ახსოვს. მას დაზიანებები თავის, ფეხისა და მუცლის არეში აქვს. ექიმების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაზიანებები მძიმეა და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.

ინტერნეტსივრცეში ავიაკატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება. თვითმფრინავი ტაილანდიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის პირველადი ვერსიით, Jeju Air-ის ავარია ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით გაურკვევლობაა.

 

დღის ამბები