მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს იმ ბიზნესის მხრიდან, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა და ამტკიცებს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ექმნება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პეტიციაზე ხელმომწერების ნაწილი ბიზნესს რუსეთთან ვაჭრობით აწყობს, ნაწილისთვის კი რუსეთი ბიზნესის წარმოების მთავარი ადგილია.
დღეს საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს საპარლამენტო უმრავლესობაში იმ ბიზნესთან დაკავშირებით, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს საპროტესტო აქციებს და ამავდროულად თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლური ვექტორი შეცვალა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აქ ორმად სტანდარტთან გვაქვს საქმე, რადგან მათი თქმით, კომპანიები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნულ პროტესტში და პრეტენზიებს უყენებენ ხელისუფლებას, თავად აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის, რუსულ ბაზართან. დღეს მმართველ გუნდში ახსენეს კომპანია BDO, რომელიც TBC ბანკის თანამშრომელიც არის და სავარაუდოდ, მათი თქმით, იყენებს საბუღალტრო პროგრამას, რომელიც არის რუსული. ამავე დროულად "ნაბეღლავი" და სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც ასევე აქტიურობენ პროტესტში, მათი თქმით, საკმაოდ მსხვილ ექსპორტს ეწევიან რუსულ ბაზარზე. საუბარია ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიონის მოგებაზე ამ კუთხით. შესაბამისად "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს არის გაცხადებული ორმაგი სტანდარტი და ლუსტრაცია იმ ფაქტის, რომ საქართველოში ბიზნესი არის თავისუფალი და ეს არის "ქართული ოცნების" დამსახურება, რადგან ბიზნესს შეუძლია თავისუფლად საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, მათ შორის ისეთი პოზიციაც, რომელიც როგორც სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, არ შეესაბამაება სიმართლეს.
"ტიპიური ფარისევლობა არის მშიშარა ადამიანები, რომლებიც ერთის მხრივ ხელს ითბობენ და ბიზნესს აწყობენ რუსეთთან ვაჭრობით და შემდეგ გამოდიან მედიით და ლაპარაკობენ, თითქოსდა საფრთხე ექმნება ევროპულ მომავალს და ასე შემდეგ.
ერთის მხრივ ეს არის ფარისევლობა და ასევე ეს არის შედეგი იმ დაანონსებული ძალადობისა, რასაც ჩვენ ვხედავთ "ნაცმოძრაობის" მხრიდან და მათი რუპორებიდან. ამიტომაც არის ის თავისუფლება, რომელიც "„ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ყველა სფეროში, მათ შორის ბიზნესში, ამიტომაც არის კარგი - ქართველი ხალხი ხედავს, ვინ არიან ფარისეველი ბიზნესმენები, ვინ არიან მშიშარა ბიზნესმენები, რომლებიც გიორგი ისაკაძის შეთვლილი მესიჯებით დაშინებულები შეიძლება იყვნენ", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში არ უარყოფენ იმას, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს მსგავსი თავისუფალი პოზიციონირება უჭირდა, თუმცა არ აკეთებენ აქცენტს თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს კავშირი ამა თუ იმ კომპანიას, რომელიც აპროტესტებს დღეს ხელისუფლების პოლიტიკას რუსულ ბაზართან და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამ კომპანიების მოთხოვნა არის რელევანტური და აუცილებელია როგორც ბიზნესის, ისე პოლიტიკური ოპოზიციურად განწყობილი წრეების დაკვეთა ხელისუფლებამ შეასრულოს.
„მოვიკითხავდი იმ არაერთ ტენდერს თბილისის ფარგლებში, სადაც ჩვენი ფულით შესყიდული იქნა რუსული კომპანიების მოწყობილობები. გაუმარჯოს ყველა ბიზნესს, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ხმა ამოიღო ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ, ეს არის იშვიათი მოვლენა. წინა პროტესტების დროს. მე ამ პროტესტებში ვმონაწილეობ სააკაშვილის დროიდან, ვიცავ საქართველოში თავისუფლებას. ეს იყო იშვიათი მოვლოენა, დიდი ნაწილი ფიქრობდა ხოლმე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას“, - აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.