"ომბუდსმენის აპარატი აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს შეხვდა, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ.
ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამართლიან პროტესტს გამოხატავდა, თუმცა იყო მცირე ჯგუფი ვინც კანონს არღვევდა და ასეთ შემთხვევებზე ინდივიდუალური ღონისძიებები უნდა გატარდეს.
"გამოხატვის უფლება, ეს არის ადამიან ფუნდამენტური უფლება და ამ უფლების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა არაერთხელ ვიხილეთ,რომ შეკრების დაშლა მოხდა იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების მცირე ჯგუფი არღვევდა კანონს, თუმცა მოქალაქეების უფრო დიდი ჯგუფი გამოხატავდა სამართლიან პროტესტს.
აქ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს და ასეც ჰქონდა ადგილი და ამის უარყოფას არავინ არ აპირეს. მაგრამ, ძირითად მშვიდობიან პროტესტის მონაწილეებს ჰქონდეთ უფლება მშვიდობიან გარემოში გააგრძელონ საკუთარი აზრისა და პროტესტის გამოხატვა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.